Menu Close

საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვის სტანდარტი მკვეთრად გაუარესდა

„სამართლიანმა არჩევნებმა“ 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების
კენჭისყრის დღის, ხმის დათვლის პროცესისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში
დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 127 საჩივარი
წარადგინა. აქედან, 15 საჩივარი დაკმაყოფილდა, 13 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 40 არ
დაკმაყოფილდა და 18 საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. ერთი საჩივარი თავად
ორგანიზაციამ მოხსნა. რამდენიმე საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილია კომისიის
წევრებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ჯერ ისევ განხილვის
ეტაპზეა.
საჩივრების უმეტესობაში დაყენებული იყო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების
პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა,
მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო. რამდენიმე შემთხვევაში მოთხოვნილი იქნა
კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა და შედეგების ბათილობა, საიდანაც არცერთი არ
დაკმაყოფილდა. აღნიშნული მოთხოვნები დაყენებულ იქნა ძირითადად ისეთ შემთხვევებში,
რა დროსაც შემაჯამებელი ოქმში გადასწორებული იყო მონაცემები; არ დგებოდა ბალანსი,
კერძოდ, სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა
აღმატებოდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას.
წარდგენილი საჩივრებიდან 36 ეხება შემაჯამებელი ოქმების არასათანადოდ შევსებას,
როდესაც ოქმში არასწორადა ან საერთოდ არ არის მითითებული სათანადო რეკვიზიტი,
მაგალითად, ოქმის შედგენის თარიღი და დრო, კომისიის ბეჭდის ნომერი და სხვა; 9 საჩივარი
ეხება იმ საარჩევნო უბნებს, სადაც სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი
ბიულეტენების რაოდენობა აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას,
ხოლო 14 საჩივარი – შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების გადაკეთებას/გადასწორებას.
საჩივრების განხილვისას ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ
დასწრებოდნენ საჩივრების განხილვას და დაეფიქსირებიათ პოზიცია წარდგენილ საჩივრებზე.
ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს ფოთის საოლქო კომისია, სადაც საჩივრების განხილვისას
მხარეები დაბარებული არ იყვნენ. „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლის გარეშე
განიხილეს საჩივარი ასევე ხობის საოლქო კომისიაში და განაცხადეს, რომ ორგანიზაცია არ
გამოცხადდა. მას შემდეგ, რაც ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი განმეორებით დანიშნეს
სხდომა, თუმცა თან აღნიშნეს, რომ ამით „არაფერი შეიცვლებოდა“. ტყიბულის საოლქო
კომისიაში, სადაც ორგანიზაციას მხოლოდ ერთი საჩივარი ჰქონდა წარდგენილი „სამართლიანი
არჩევნების“ წარმომადგენელს უთხრეს, რომ მაინც არ დააკმაყოფილებდნენ საჩივარს, რადგან
კომისიის წევრების მტკიცებით, დამკვირვებელმა განზრახ წარადგინა საჩივარი ერთი მაინც
რომ დაფიქსირებულიყო.
გამოვლენილი პრობლემები 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებული
პრობლემების ანალოგიური:
 უმთავრესად საჩივრების არ დაკმაყოფილდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების
მიერ დაწერილი ახსნა-განმარტებების საფუძველზე, რასაც საოლქო კომისიები უტყუარ
მტკიცებულებად მიიჩნევდნენ განურჩევლად დარღვევის სიმძიმისა და იმისა, რომ ეს
ახსნა-განმარტებები უმეტესად კენჭისყრის დღის შემდეგ იწერებოდა;

 გასულ არჩევნებზე დამკვიდრებული პრაქტიკის მსგავსად, საოლქო კომისიები ახსნა-
განმარტებას და შესწორების ოქმებს მიიჩნევდნენ პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლების საფუძვლად და დარღვევის აღმოფხვრად, მაგალითად ისეთ
შემთხვევებში, როგორიცაა ზედმეტი ბიულეტენის გაცემა, სხვის გრაფაში ხელის
მოწერა ან ხელმოწერის გამოტოვება, შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შევსება,
კონვერტის გარეშე ბიულეტენის ყუთში მოთავსება, სხვ.;
 საოლქო კომისიები თავს არიდებდნენ კენჭისყრის შედეგების გადასინჯვას,
მიუხედავად დარღვევის სიმძიმისა (მაგალითად, ოქმში მონაცემების გადაკეთება;
ბალანსის არ არსებობა ოქმში, ა.შ.). უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ შემთხვევებშიც, ისინი
საუბნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებას ან შესწორების ოქმს ეყრდნობოდნენ,
რომელიც ასევე, ძირითადად, კენჭისყრის დღის შემდგომ იყო შედგენილი;
 საუბნო კომისიის წევრების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიზნით საოლქო
კომისიები სტანდარტულად იყენებდნენ ისეთ არგუმენტს, რომ დარღვევა არ
წარმოადგენს კანონმდებლობის უხეშ დარღვევას და ამომრჩეველთა ნების
გამოვლენაზე და კენჭისყრის შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია; არსებით დარღვევას
ადგილი არ ჰქონია, რომელსაც შეიძლება რაიმე გავლენა მოეხდინა საარჩევნო
პროცესზე; ადგილი ჰქონდა მექანიკურ შეცდომას, რაც არ წარმოადგენს
დისციპლინარული პასუხისმგებლობის საფუძველს. მსგავსი არგუმენტებით საოლქო
კომისიებმა საუბნო კომისიის წევრებს პასუხისმგებლობა არ დააკისრეს ისეთ
შემთხვევებშიც, როდესაც შემაჯამებელი ოქმი არ იყო კომისიის ბეჭდით
დამოწმებული, დამკვირვებელს შეეზღუდა ვიდეოგადაღების უფლება, არ შემოწმდა
მარკირება, გაფუჭებული და გამოუყენებელი ბიულეტენები ერთად დაილუქა,
არაუფლებამოსილი პირი შემოუშვეს უბანზე და ა.შ.;
 რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა მტკიცებულებების შესწავლა (მაგ. დალუქული
დოკუმენტაციის გახსნა) და საოლქო კომისიები გადაწყვეტილების მიღებისას
ეყრდნობოდნენ მხოლოდ საუბნო კომისიების წევრების განმარტებებს;
 არასწორად ხდებოდა ასევე საჩივრების განუხილველად დატოვება, რის მიზეზადაც
სხვადასხვა საფუძველი მიეთითებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილებები უმეტესად
მიუთითებს, რომ რიგი საოლქო კომისიები არასწორად განმარტავენ და იყენებენ
საარჩევნო კოდექსის ნორმებს.
ზოგადი ტენდენციის სახით შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი სახის დარღვევაზე
განურჩევლად მისი სიმძიმისა საუბნო კომისიის წევრები ახსნა-განმარტებას წერენ, რაც
საკმარის საფუძვლად მიიჩნევა არამარტო ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, არამედ
ასევე შესაბამისი კომისიის წევრის პასუხისმგებლობისგან გასათავისუფლებლად.
ანალოგიური მიზნით გამოიყენება ასევე შესწორების ოქმები.
საოლქო კომისიები მაქსიმალურად ცდილობენ ნებისმიერი არგუმენტით თავი აარიდონ
არათუ კენჭისყრის შედეგების გადასინჯვას, არამედ საუბნო კომისიის წევრებისთვის
პასუხისმგებლობის დაკისრებასაც.
მსგავსი პრაქტიკა ბოლო წლებში არჩევნებზე დაფიქსირებული ტენდენციის გაგრძელებაა,
რამაც საპრეზიდენტო არჩევნებზე კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო და განმტკიცდა.

ასეთი მიდგომა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიზანმიმართულად
ცდილობს ყველა მეთოდის გამოყენებით, გაამართლოს ნებისმიერი სახის დარღვევა. ამ
ფონზე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო დავების განხილვის სტანდარტი
გაუარესდა. უფრო მეტიც, საარჩევნო ადმინისტრაციის დაჟინებული მცდელობა არ
დააკმაყოფილოს საჩივრები და კანონმდებლობის დამრღვევ კომისიის წევრებს არ დააკისროს
პასუხისმგებლობა მთლიანად აზრს უკარგავს საჩივრების წარდგენას და არჩევნების შემდგომ
საჩივრების განხილვის პროცესს.
მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, მეორე ტურის კენჭრისყრის დღეს და მის შემდეგ
წარდგენილი საჩივრების განხილვისას გაითვალისწინოს გამოვლენილი პრობლემები,
მოახდინოს საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ დარღვევებზე ეფექტური
რეაგირება და არ წაახალისოს საარჩევნო დარღვევები საარჩევნო კომისიის წევრთათვის
პასუხისმგებლობის არიდებით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *